ასე ჩანდა | ჯანო დევაძე

გამომცემლობა:

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა

წელი:

2022

წიგნის შესახებ:

წიგნს გამოარჩევს, ყველაზე ადამიანური გრძნობების - ნდობისა და მადლიერების ღირებულების განსაზღვრა ადამიანის ცხოვრებაში, ასევე, ისიც რომ წიგნის ავტორი არის საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რაც ორმაგად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა.

ავტორის შეფასებით, ნდობა და მადლიერება ყველაზე ადამიანური გრძნობაა, თუმცა უმეტესად სწორედ ნდობისა და მადლიერების ობიექტთა არჩევისას ვცდებით. ასე დაემართა ამ წიგნის გმირს, რომელიც, თუმცა საკუთარი პრინციპებით ცხოვრობს, მაინც გავლენების „მსხვერპლი“ ხდება. იმავდროულად თავადაც დაეძებს ამ „მსხვერპლს“ − როგორც თავშესაფარსა და ცხოვრების გამარტივების საშუალებას.

როგორია თანამედროვე ახალგაზრდათა ფასეულობები, მიზნები და ამბიციები? სად გადის ზღვარი არჩევანსა და მოვალეობას შორის? როდის და როგორ ვსწავლობთ სიკეთისა და უკეთურების ერთმანეთისგან გარჩევას, რა არის ღირსება და როდის გვაფიქრებს ცხოვრება მის მნიშვნელობაზე და მთავარი: ამ დაპირისპირებების ფონზე, როგორად ჩანს სინამდვილე...

ავტორის შესახებ:

ჯანო დევაძე - დაიბადა 1995 წლის 23 ივნისს, ქალაქ ბათუმში. დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ბიზნეს სამართალის მიმართულებით 2018 წელს. ამჟამად იურიდიული მრჩეველია კორპორაციული სამართლის საკითხებში.

აზრი, რომ ლიტერატურისა და ხელოვნების გარეშე ყველაფერი მოსაწყენია, საკმაოდ ადრიდანვე ჰქონდა განმტკიცებული. 2021 წელს კი გამოაქვეყნა პირველი რომანი, ,,თეთრი კონვერტი’’, სადაც მხატვრული გზით მოგვითხრობს რამდენიმე სამართლებრივ დავაზე. მის შემოქმედებას ასევე ეკუთვნის რომანი ,,ასე ჩანდა“, სადაც ძირითადი აქცენტები სტუნდეტის შინაგან სამყაროზეა გაკეთებული. მათ აკვიატებულ იდეებსა და ინსტიქტურად უარყოფილ საკითხებზე, რომელიც 2022 წელს გამოაქვეყნა საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ. ასევე ეკუთვნის უკვე დასრულებული და მისთვის გამორჩეული რომანი ,,გამოღვიძება“, რომელიც გამოქვეყნდება ასევე 2022 წელს. აქ საუბარია მოთმინების შენარჩუნებით დიდ გამარჯვებებთან მისასვლელ გზებზე და მომხიბვლელ ცდუნებებზე, რაც არ გვაძლევს საშუალებას საკუთარ თავს იქითაც  ვიყუროთ.

დაინტერესებულია ფილოსოფიითა და კინო ხელოვნებით, რასთან უფრო სერიოზულ და პროფესიულ კავშირსაც არ გამორიცხავს.

კატეგორია:

მხატვრული

გვერდების რაოდენობა:

220 გვერდი

ISBN:

978-9941-9708-8-7

ზომა:

წონა:

ფორმატი:

A5

ენა:

ქართული

კომენტარი:

„ასე ჩანდა Monte“ მდიდარი წიგნია. სიტყვითა და პრობლემატიკით მდიდარი. „მონტეში“ ავტორმა ჩვენი საზოგადოების მრავალმხრივი გამოწვევების მთელი თაიგული შემოგვთავაზა და არც ზოგადსაკაცობრიო პრობლემები არ დარჩენია თვალს მიღმა. გაუცხოება თაობებს შორის, გაუცხოება უახლოეს ადამიანებს შორის, ყოფიერებით დაღლილი პერსონაჟების სევდა, გრძნობებისგან დაცლილი ყოველდღიურობა, მტრისა თუ მოყვარის გარჩევის სიძნელე, რელიგიასა და რწმენას შორის ფერმკრთალი, მაგრამ მნიშვნელოვანი საზღვრის შეუმჩნევლობა, კლიშეებით დანაწევრებულ საზოგადოებაში, გაბუნდოვნებული ინდივიდების ცხოვრებას მოკლებული არსებობა - მონტეს ყველა აბზაცშია ასახული.

თუმცა, ზოგად ადამიანურ დარდზე მეტად, ჩემთვის მონტეს პერსონაჟის ფიქრებში მოგზაურობა საინტერესო იყო თანამედროვე საქართველოში სტუდენტური პრობლემების უკეთ, მათი თვალსაწიერიდან აღსაქმელად. ინფორმაციის ნაკლებობა პროფესიის შერჩევის დროს, რაც შემდგომ სწავლის პროცესს ერთიორად აძნელებს, ფინანსური გამოწვევები, მაღალი ასიმეტრია ცენტრისა და პერიფერიის ცხოვრებას შორის, აზარტულ თამაშებს შეკედლებული თაობები, შესაძლებლობების და მათზე წვდომის ნაკლებობა - ყველა ეს პრობლემა წამოჭრილი აქვს ავტორს და მართალია, გადაჭრის გზებს ყოველთვის ვერ გვთავაზობს, მაგრამ ამ გამოწვევებზე დისკუსიის დაწყების წამხალისებელი ნამდვილად ხდება, რაც, თავისთავად, დაძლევისთვის და საზოგადოების გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

ანა ხურციძე

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი

 

 

 

 

წიგნის „ასე ჩანდა“ მთავარი პერსონაჟი მონტე საინტერესო ბიჭია, რომლის უმთავრესი ღირსება, ალბათ, ოპტიმიზმით გაჟღენთილი პრაქტიკულობაა. ის მომავლის რწმენის მტკიცე იმედით გვაყვარებს მკითხველს თავს და „გვაიძულებს“ არც ისე მარტივ გზაზე, მასთან ერთად ვიაროთ. მონტეს თანაზომიერად აწუხებს მასსა და საზოგადოებას, ასევე, მასსა და ოჯახს შორის გაჩენილი, ნელ-ნელა მზარდი სივრცე, რომლის დაძლევაც, ხანდახან, მართლაც, რომ შეუძლებლად გამოიყურება.

წიგნში ბევრი და მრავალშრიანი პრობლემებია წამოჭრილი, რომელიც არამხოლოდ სტუდენტების, მთელი ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. სიღარიბე, უმუშევრობა, საკუთარი ადგილის პოვნის სირთულე, თაობებს შორის „შუღლი“, აზარტული თამაშების გადაჭარბებულად მზარდი მიდრეკილება, ბანკებსა და საზოგადოებას შორის არსებული ინფორმაციული ვაკუუმი - არაინფორმირებული თანხმობა - ყველაფერი, რაც ადამიანთა უმეტესობას, ალბათ, ერთხელ მაინც უგრძვნია.

წიგნი განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ახალი პროფესიის არჩევის ეტაპზეა, რათა ეს გზა გაცნობიერებულად, ცოდნით აღჭურვილებმა დაიწყონ. სამართლის დისციპლინიდან დისტანცირებული მონტე, სამართალს სწავლობს და ეს დისტანცირება ძალიან ურთულებს ცხოვრებას. აღნიშნული, კარგი გაკვეთილია ჩვენთვის, მკითხველთათვის, რომ შევეჭიდოთ ისეთ საქმეებს, რაც იმთავითვე სიამოვნებას გვგვრის და არ გავუუცხოვდეთ საკუთარ პროფესიას.

რაც შეეხება წერის კულტურას, ავტორი საკმაოდ გაშინაურებულია ქართულ ენასთან და მარაგი დიდი აქვს, თუმცა დიალოგთა სიჭარბე, ხანდახან ხელოვნურ სიტუაციებს ქმნის.

განსაკუთრებით საინტერესოა წიგნის დასასრული, სადაც მკითხველს თავისუფალი წარმოსახვის გასაქანი ეძლევა და თავად წყვეტს, ისწავლა თუ  არა მონტემ საკუთარ და სხვის შეცდომებზე, მოერგო თუ მოირგო საზოგადოება.

 

ირინა გურგენაშვილი

კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ის აღმასრულებელი დირექტორი

ფასი:

15.00 ₾

დათვალიერება:

ავტორის წიგნები

  • ასე ჩანდა

    წიგნს გამოარჩევს, ყველაზე ადამიანური გრძნობების - ნდობისა და მადლიერების ღირებულების განსაზღვრა ადამიანის ცხოვრებაში, ასევე, ისიც რომ წიგნის ავტორი არის საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რაც ორმაგად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა.

    ავტორის შეფასებით, ნდობა და მადლიერება ყველაზე ადამიანური გრძნობაა, თუმცა უმეტესად სწორედ ნდობისა და მადლიერების ობიექტთა არჩევისას ვცდებით. ასე დაემართა ამ წიგნის გმირს, რომელიც, თუმცა საკუთარი პრინციპებით ცხოვრობს, მაინც გავლენების „მსხვერპლი“ ხდება. იმავდროულად თავადაც დაეძებს ამ „მსხვერპლს“ − როგორც თავშესაფარსა და ცხოვრების გამარტივების საშუალებას.

    როგორია თანამედროვე ახალგაზრდათა ფასეულობები, მიზნები და ამბიციები? სად გადის ზღვარი არჩევანსა და მოვალეობას შორის? როდის და როგორ ვსწავლობთ სიკეთისა და უკეთურების ერთმანეთისგან გარჩევას, რა არის ღირსება და როდის გვაფიქრებს ცხოვრება მის მნიშვნელობაზე და მთავარი: ამ დაპირისპირებების ფონზე, როგორად ჩანს სინამდვილე...

    15.00 ₾