თამაზ ბერაძე (1937-2012). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. თამაზ ბერაძე დიდი ქართველი მეცნიერი, გამოჩენილი მკვლევარი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწეა. მკვლევარის სამეცნიერო ინტერესების სფერო ძალზედ მრავალფეროვანია. მისი შრომები თანაბრად მნიშვნელოვანია, რო-გორც საქართველოსა და კავკასიის ისტო-რიასა და ისტორიულ გეოგრაფიაში, ასევე ქართული ზღვაოსნობის, საზღვაო ვაჭრობის, აბრეშუმის გზის, ნუმიზმატიკისა და სოციალური ისტორიის შესწავლის მიმართულებით.
თამაზ ბერაძის სამეცნიერო მემკვიდრეობამ, რომელიც გამოირჩევა გამოყენებული ისტორიული წყაროების ფართო სპექტრით (მათი დიდი ნაწილი ავტორს პირველად შემოაქვს ისტორიულ მიმოქცევაში), კვლევის სიღრმითა და ხარისხით, ქართული ისტორიოგრაფია, უცილობლად, უფრო მაღალ, თანამედროვე საფეხურზე აიყვანა.
თამაზ ბერაძის შრომების სრული კრებული, სამ ტომად, ეძღვნება მკვლევრის დაბადებიდან 80 წლის თავს. გამოცემის მიზანია, თამაზ ბერაძის მეცნიერული მემკვიდრეობა ხელმისაწვდომი გახდეს ისტორიკოსებისა და, ზოგადად, საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის. შრომების კრებულის I და II ტომში წარმოდგენილია სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში, თუ კრებულებში გამოქვეყნებული სტატიების, კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებების სრული ვერსიები, თეზისები თუ მოკლე შინაარსები. ასევე საენციკლოპედიო სტატიები. კრებულის III ტომი კი ეძღვნება თამაზ ბერაძის გამოუქვეყნებელ შრომებს. სტატიები და კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები თუ მათი თეზისები დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ხოლო საენციკლოპედიო სტატიები ანბანური პრინციპით. განახლებულ პუბლიკაციებში, მათი გამოსაცემად მომზადებისას, ჩასწორდა მხოლოდ ბიბლიოგრაფიის დამოწმების ავტორისეული სტილი (უნივერსიტეტი იყენებს APA - სტილს) - პუბლიკაციების სქოლიოში დამოწმებული წყაროებისა და ლიტერატურის ანოტირებული ვერსიები განთავსდა საკუთრივ ტექსტში, რაც შეეხება სრულ დასახელებებს, ისინი გატანილ იქნა კრებულის ბოლოს, ბიბლიოგრაფიისათვის განკუთვნილ ნაწილში. სქოლიოში, დარჩა მხოლოდ ავტორისეული განმარტებები და მითითებები. თითოეულ ტომს დაერთო პირთა, გეოგრაფიულ და ეთნიკურ სახელთა საძიებელი. თამაზ ბერაძის შრომების სამტომეულის გამოცემის მომზადებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით გაერთიანებულ თამაზ ბერაძის კოლეგებსა და მოწაფეებს: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორებს, პროფესორებს მანანა სანაძეს, თამარ ქორიძეს, ბეჟან ხორავას; დოქტორანტებს: ქეთევან ქიმერიძეს, მარიამ თოდუას, თამარ ლეკიაშვილს, მანანა წერეთელს, რომლებმაც შეკრიბეს მეცნიერის სხვადასხვა გამოცემებში გაფანტული, უკლებლივ ყველა, სამეცნიერო ნაშრომი, ასევე მის სიცოცხლეში გამოუქვეყნებელი შრომები და მოამზადეს გამოსაცემად. კრებულის I ტომში მოთავსებულია 1962-2002 წლებში თ. ბერაძის მიერ გამოქვეყნებული შრომები.