ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M (Munich) - მიუნხენის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი. ქართული, გერმანული და საერთშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები სისხლის სამართლის, საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის თემატიკაზე, როგორც ქართულ, ასევე გერმანულ ენებზე. მიღებული აქვს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის, მაქს პლანკის ინსტიტუტის, რუსთაველის ფონდის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა თუ სხვა ფონდების კვლევითი სტიპენდიები. პერიოდულად აკეთებს მოხსენებებს გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტში და არის კიოლნის უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან და კიოლნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საფუძველი ჩაუყარა ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგის ფორმატს. ჩართულია სხვადასხვა საგრანტო პროექტებში, რომლის ფარგლებშიც მზადდება პუბლიკაციები სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე და იმართება საზაფხულო თუ ზამთრის სკოლები სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის. კითხულობს ლექციებს ქართული და ევროპული სისხლის სამართლის მიმართულებით.
სისხლის სამართალი სამართლის ის დარგია, რომელიც საკმაოდ ფრთხილ მიდგომას საჭიროებს, ვინაიდან მასში გათვალისწინებული სასჯელები ყველაზე მეტად იჭრება ადამიანის პირად თავისუფლებაში. აღნიშნული პატარა ნაშრომის მიზანია მკითხველს გააცნოს სისხლის სამართალი და მასთან დაკავშირებული დანაშაულისა თუ სასჯელების ინსტიტუტები. ეს არის ერთგვარი შესავალი, რომელიც იძლევა ამ დარგის ძირითადი ასპექტების გააზრების შესაძლებლობას მოკლე მაგალითების საფუძველზე, სადაც მარტივი ენით საუბარია არა მხოლოდ ზოგად, არამედ პროცედურულ საკითხებზეც. ის განკუთვნილია როგორც სამართლის სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, ასევე დამწყები იურისტებისთვის. ნაშრომი მათ დაეხმარება დანაშაულისა და სასჯელის ცნებების გააზრებაში.