ფრიდრიხ ჰაიეკი დაიბადა 1899 წლის 8 მაისს ვენაში. მამამისი ბოტანიკის ლექტორი იყო ვენის უნივერსიტეტში. ორივე ბაბუა აკადემიური სწავლული ჰყავდა, დედის მხრიდან - სტატისტიკოსი, მამის მხრიდან - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მკვლევარი. იგი იყო ლუდვიგ ვიტგენშტეინის დეიდაშვილი, რომლის ნაშრომებმაც გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზეც.
1917 წელს ავსტრია-უნგრეთის მხრიდან იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. სწორედ ომის შემდეგ გადაწყვიტა აკადემიური საქმიანობით დაკავება, რათა თავისი წვლილი შეეტანა პოლიტიკური ორგანიზების პრობლემების გადაწყვეტასა და ისეთი შეცდომების აღმოფხვრაში, რომლებიც წინ უძღოდნენ მის მიერ ნანახ ომს.
1921-23 წლებში სამართალსა და პოლიტიკურ მეცნიერებებში მიიღო დოქტორის ხარისხი ვენის უნივერსიტეტში. აქ სწავლისას მასზე დიდი გავლენა მოახდინეს კარლ მენგერმა და ფრიდრიხ ფონ ვიზერმა; ამ უკანასკნელის რეკომენდაციით კი ჰაიეკი ლუდვიგ ფონ მიზესმა დაიქირავა სენ ჟერმენის შეთანხმების სამართლებრივ და ეკონომიკურ საკითხებზე სამუშაოდ. იგი მიზესის კერძო სემინარებსაც ესწრებოდა თავის მეგობრებთან (მორგენშტერნი, ჰაბერლერი) ერთად, რომელიც კეინსის კემბრიჯული წრის ერთგვარი ანალოგი იყო. 1923-24 წლებში ნიუ იორკის უნივერსიტეტში აგროვებდა მონაცემებს ამერიკის ეკონომიკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის ოპერაციების შესახებ.