ვინ არის ტერენტი გრანელი? ორი ქალიშვილის გაჩენის შემდეგ სამსონ კვირკველიას და მის პირველ მეუღლეს ივლიტა ლუკოვას ვაჟი შეეძინათ, 1898 წლის 3 ივნისს (ძველი სტილის კალენდრით). ტერენტი კვირკველია ოჯახთან ერთად კავკასიაში, საქართველოს, სამეგრელოს რაიონის სოფელ წალენჯიხაში ცხოვრობდა. ყველა ცნობით, ოჯახი მატერიალურად ღარიბი იყო. დედა 1903 წელს 28 წლის ასაკში გარდაიცვალა, როცა ტერენტი სულ რაღაც ხუთი წლის იყო. მამამისი ხელახლა დაქორწინდა დარია მებონიაზე. ტერენტის დედინაცვალთან თბილი და სიყვარულით სავსე ურთიერთბა ჰქონდა. ტერენტის ორი და, მაშო და ზოზია ჰყავდა, რომელთა მიმართ დიდი ერთგულებით გამოირჩეოდა.
ამბობენ, რომ ბავშვობაში ტერენტი ჩუმი და წყნარი ბავშვი იყო, რაც დღეს გაიგივებულია არასრულფასოვნების კომპლექსთან და შიშებთან. ის იყო გამხდარი ცისფერ თვალება ბიჭი, რომელმაც კითხვა ადრეულ ასაკში დაიწყო. სიამოვნებდა ხეტიალი და იზიდავდა ეკლესია. ხშირად იჯდა ეკლესიის გარეთ ქვაზე და წერდა ლექსებს. მან რუსული კარგად იცოდა, თუმცა ეს ენა სკოლაში არასდროს უსწავლია. მე-7კლასის დასრულების შემდეგ, მამამ ბიჭი სკოლიდან გამოიყვანა, რათა მასთან ერთად ემუშავა.
სამსონ კვირკველია გარდაიცვალა 1918 წელს, ბოლშევიკური რევოლუციის დროს. იმავე წელს, ტერენტი თავის დასთან, მაშოსთან ერთად, გადავიდა საცხოვრებლად საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ერთ პატარა ოთახში, ქალაქში რომელიც მას და მის პოეზიას უდიდეს თაყვანს სცემდა.
მაშო მკერავად მუშაობდა, მცირეოდენ ფულს გამოიმუშავებდა. მოგვიანებით კი ცოლად გაჰყვა ღარიბ კაცს. ფულის გარეშე და ოჯახის მცირე მხარდაჭერით, ტერენტი მარტო დარჩა. სწავლის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდა. ბიოგრაფები აღწერენ ტერენტის, როგორც მაღალ და ლამაზ ახალგაზრდას, ლამაზი შუბლით, ხვეული შავი თმით და მუქი ლურჯი თვალებით.
ამას მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის რამდენიმე წელი და ხელოვნების აყვავება პოსტ-ცარისტულ ხანაში. 1918 წელს ტერენტიმ გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი თბილისის გაზეთ „ხალხში“. 1919 წლიდან ტერენტიმ ფსევდონიმი „გრა-
ნელი“ აიღო, რაც ეტიმოლოგიურად ხორბლის მარცვალს ნიშნავს. 1920 და 1921 წლებში, ახალი სახელით, ტერენტი გრანელმა გამოსცა პოეზიის ორი პატარა წიგნი: „დილის სტრიქონები“ და „რეკვიემი“, 1922 წელს კი უფრო დიდი წიგნი „სულიდან საფლავები“.
თავიანთ წერილებში, ტერენტი გრანელის პოეზიას ადიდებდნენ ისეთი ქართველი ლიტერატურული მოღვაწეები როგორებიც იყვნენ კონსტანტინე გამსახურდია, ვალერიან გაფრინდაშვილი, ივანე გომართელი, ვასილ ბარნოვი, კონსტანტინე კაპანელი და სხვები. თუმცა არცერთ მათგანს არ უთარგმნია მისი პოეზია.
1924 წელს, პოსტ-ცარისტული აღორძინების მწვერვალზე, ტერენტი გრანელმა გამოსცა თავისი ,,Memento Mori“, ხოლო ქართველმა ლიტერატორებმა თბილისში, რუსთაველის თეატრში გამართეს გრანელის საღამო. იმავე წელს მან დაიწყო ალკოჰოლის მიღება და ამან კიდევ უფრო გააუარესა მისი ისედაც შელახული ნერვული სისტემა. ორ წელიწადში, 1926 წელს, ის წერს თავის ბოლო წიგნს, ხოლო 1928 წელს დაეწყო ფსიქიკური აშლილობა, სავარაუდოდ, დეპრესია.
1930 წელს ტერენტი გრანელი გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში თბილისის დასავლეთით, სურამში, ხაშურთან ახლოს, ცენტრალურ საქართველოში. ამ დაწესებულებაში, სუფთა ჰაერით, ტუბერკულოზსაც მკურნალობდნენ. ტერენტი გრანელი თითქმის სამ-ოთხ თვეში ერთხელ გარბოდა საავადმყოფოდან და თბილისში ბრუნდებოდა, სადაც ქუჩებში დადიოდა და ყოველთვის ერიდებოდა სხვა ადამიანებთან კონტაქტს.
ამ ხნის განმავლობაში ტერენტი გამუდმებით წერდა ძველი წიგნების ყდებზე, ასანთის კოლოფებზე, სიგარეტის კოლოფებზე, ხელსახოცებსა და კედლებზე. რევაზ მიშველაძე წუხდა და ამბობდა – ვინ იცის, მისი რამდენი ნამუშევარი დაიკარგაო ასე
წერაში?
სურამიდან ერთ-ერთი გაქცევის დროს მას რკინიგზის სადგურში ეძინა და ცუდად გახდა. უცხო მამაკაცმა ის თბილისში, ავლაბრის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ტერენტიმ მედდას სთხოვა, ინკოგნიტოდ დარჩენილიყო, რათა სურამში არ დაებრუნებინათ.
ტერენტი გრანელი 1934 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა ტუბერკულოზით, დაკრძალეს თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. 1987 წელს მისი ცხედარი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.
დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, ტერენტი გრანელის ნაწარმოებები არასოდეს უთარგმნიათ უცხო ენაზე. მაშასადამე, ეს წიგნი არის პირველი შესაძლებლობა უცხო ენაზე მოსაუბრეთათვის საქართველოში ცნობილი, მაგრამ სხვებისთვის მიუწვდომელი, კონფლიქტური მწერლის ღრმად სულიერი და უაღრესად რთული ლექსები გაიაზრონ. კრებულშ შესულია 46 ლექსი ინგლისური თარგმანით. მთარგმნელები: ედუარდ რობერტ რაუპი
ქეთევან ჩხეიძე
მარი მანველიშვილი