არჩილ მეტრეველი არის საქართველოს უნივერსიტეტის „რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორი და სამართლოს სკოლის ასოც. პროფესორი.
მინიჭებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიაში და დოქტორის აკადემიური ხარისხი სამართალში.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და საეკლესიო (კანონიკური) სამართლის სფეროებში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები, პუბლიკაციები და თარგმანები რელიგიისა და სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.
უკანაკნელი პერიოდის საავტორო პუბლიკაციებს შორის აღსანიშნავია ორტომეული - „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება“, რომელიც წარმაოდგენს სამართლის შესაბამის სფეროში შესრულებულ კომპლექსურ ნარკვევს და დანერგილია საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სასწავლო პროგრამაში, როგორც მისი საავტორო სასწავლო კურსის სახელმძღვანელო.
აკადემიური ინტერესის ძირითად სფეროს წარმოადგენს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობი და რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, მიმდინარე ეტაპზე, განსაკუთრებით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების კვლევა.
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესასწავლად. ამ უფლების ერთიანი სფერო, მოიცავს სხვადასხვა ზოგად, ინდივიდუალურ, კოლექტიურ და ინსტიტუციურ ასპექტს, უფლებას, თავისუფლებასა და სამართლებრივ ურთიერთობას, რომელთა სუბიექტებიც არიან კერძო პირები, რელიგიური ან სხვა სახის მრწამსის მქონე ჯგუფები და სახელმწიფო. ამ სახელმძღვანელოს ფარგლებში წარმოდგენილი სასწავლო კურსი განეკუთვნება საჯარო სამართლის მიმართულებას, კერძოდ, ადამიანის უფლებების სამართალს და მიზნად ისახავს სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სათანადო ცოდნის გაზიარებას რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების, ზოგადი და ინდივიდუალური ასპექტების შესახებ. კურსი შედგენილია ამ უფლებასთან დაკავშირებული ძირითადი საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი აქტების, საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკისა და შესაბამისი საერთაშორისო საექსპერტო და პოლიტიკური დოკუმენტების საფუძველზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინამდებარე სახელმძღვანელო მხოლოდ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ზოგად და ინდივიდუალურ ასპექტებს ეთმობა, რაც თითოეული ამ ასპექტისა და მათში შემავალი საკითხების მოცულობიდან და სწავლების მეთოდოლოგიიდან გამომდინარეობს. ჩვენი მიზანია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კოლექტიური და ინსტიტუციური ასპექტები დამუშავდეს დამოუკიდებლად, რაც, საბოლოოდ, შესაძლებელს გახდის მათ გაერთიანებას და რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სრულფასოვან შესწავლას.