ქეთევან ს. კინწურაშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სამეცნიერო წიგნებისა და სტატიების, გამოფენებისა და სატელევიზიო გადაცემების ავტორი. 1978-2012 წლებში: გ. ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ლექტორი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2009 წლიდან ასწავლის საქართველოს უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს, ფულბრაიტის (ვაშინგტონი, 2003-04), IღEX-ის მეცნიერთა გაცვლის (ვაშინგტონი, 1998), ღია საზოგადოების ინსტიტუტების (პრაღა, 1995-96; ბუდაპეშტი, 1998) პროგრამების ხელშეწყობით სამეცნიერო კვლევებს აწარმოებდა და ასწავლიდა მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (1995, 2004, 2007, აშშ), იელის უნივერსიტეტში (1996, 1998, აშშ), ოქსფორდის უნივერსიტეტში (2001, დიდი ბრიტანეთი). მომხსენებელი მრავალ საერთაშორისო კონფერენციაზე, სემინარზე, სიმპოზიუმზე და კონგრესზე, მათ შორის, ხელოვნების კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის XLVII კონგრესზე სამხრეთ კორეაში (2014). ზალცბურგის გლობალური სემინარების ორი სესიის მონაწილე (1999, 2006). მისი მონოგრაფიები დავით კაკაბაძის, ნიკო ფიროსმანის, პეტრე ოცხელის, ლევან ცუცქირიძის, კოკა იგნატოვის და სხვა მხატვრების შესახებ გამოცემულია თბილისში, ნიუ-იორკში, ვარშავაში, სანკტ-პეტრბურგსა და მოსკოვში. დ.შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში, შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში და საზღვარგარეთ (მათ შორის, პრაღის კვადრიენალეზე) მოწყობილი გამოფენების კურატორი და სამეცნიერო კონსულტანტი.
მთელი მე-20 საუკუნის ხელოვნების გამოცდილება აქვს ზურგს უკან, უფრო სწორად, გატარებული აქვს საკუთარ თავში და სხეულში. ფერწერის, გრაფიკის, ფოტოგრაფიის ტექნიკასთან ერთად, ის დამატებით ფლობს ინსტალაციის, პერფორმანსის და არაერთ სხვა ტექნიკას. მან იცის, თუ როგორ აქციოს საკუთარი სხეული და ჟესტი ობიექტად, რომელიც ლაპარაკობს ხელოვნების ენით. და ეს საგრძნობია მაშინაც, როცა ის არ იყენებს ამ ხერხებს. მას შეუძლია საკუთარი ნამუშევარი გარემოს ზემოქმედებას მიანდოს და ამ შემთხვევაში თვითონაც არ იცის, თუ რა სახეს მიიღებს ის მასთან ფიზიკურად დაშორების შემდგომ. ის ალქიმიკოსია, რომელიც ახალ მასალას და სუბსტანციებს იგონებს, და წერტილს არ სვამს.